s


   არა მხოლოდ რუსული, არამედ საერთოდ მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო მოღვაწის, წმინდა დიმიტრი როსტოველის (XVII-XVIII) მიერ შედგენილ თვენს, ამავე სახელწოდების კრებულებიდან მასში მოხსენიებულ წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი თხრობა გამოარჩევს. წმინდა მამამ მთელი წლისათვის თვეების მიხედვით დალაგებული ჰაგიოგრაფიული საკითხავების შედგენას ოცი წელი მოანდომა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითს განსაკუთრებული ძალა აქვს ადამიანის ზნეობრივი აღზრდისათვის, თვენი ყოველი ქრისტიანის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს. ეკლესიის მიერ კანონიზებული წმინდანების ცხოვრება-მოღვაწეობა თვითოეული ჩვენგანისათვის მრავლისმეტყველი მაგალითია იმისა, რომ ზნეობრივი იდეალების ერთგულების ძალას ადამიანს მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მტკიცე რწმენა აძლევს. ქრისტიანული საზოგადოებისათვის ჰაგიოგრაფიულ თხზულებათა მნიშვნელობას ხაზგასმით წარმოაჩენს გიორგი მცირე, როცა წმ. გიორგი მთაწმინდელის შესახებ წერს, რომ მან `მამათა ცხოვრებანი დაგჳტევნა ხატად ცხოველად და ძეგლად პირმეტყუელად საწურთელად და სახილველად მომავალთა ნათესავთა აღუმართა, რომელსა იგი მკითხველნი და მსმენელნი სულითა და ჴორცით განათლდებიან.~
   ქრისტიანისათვის რომელსაც სარწმუნოებრივი ცოდნა წმინდანთა ცხოვრების მაგალითებით აქვს გამდიდრებული, რჯულით მოცემული კანონები სულიერი ხდება და ცხოველსმყოფელობას იძენს. ამ შემთხვევაში იგი ამ კანონებს მხოლოდ ზედაპირულად, სიტყვა-სიტყვით კი არ იგებს, რაც ხშირად ქრისტიანისათვის შეუფერებელი სიმკაცრისა და უგულობის მიზეზი ხდება, არამედ მათ სულს სწვდება და ამდენად სხვადასხვა ასპექტით იაზრებს, რომელთაც ერთი საფუძველი - კაცთმოყვარეობა აქვს.
   ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორემ (გოგოლაძე) ფრიად საშურსა და სასარგებლო საქმეს მოკიდა ხელი, როცა წმინდა დიმიტრი როსტოველის თვენის თარგმნა გადაწყვიტა. ღმრთის შეწევნითა და თავაუღებელი შრომით მან საეკლესიო წელიწადის პირველი თვის "სექტემბრის" საკითხავები დაასრულა. გულისხმიერი მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ ჰაგიოგრაფიული საკითხავების თარგმნა მთარგმნელისაგან არა მხოლოდ რუსული ენის, არამედ სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და შესაბამისი ტერმინოლოგიის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. სწორედ გულმოდგინე შრომამ და საგნის საფუძვლიანმა ცოდნამ განაპირობა წარმატებული შედეგი. იმედი გვაქვს, რომ მამა თეოდორე წმინდა დიმიტრი როსტოველის თვენის დანარჩენი თერთმეტი ტომის თარგმნასაც წარმატებით დაასრულებს, რაც გიორგი მცირის სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი მკითხველის სულითა და ხორცით განათლებას დიდად შეუწყობს ხელს.
  

გვანცა კოპლატაძე