s

`ღმერთმა ინებოს, მშვიდობით გავასრულო თორმეტივე ტომის თარგმნა`
ინტერვიუ თბილისის (საბურთალოს) წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გოგოლაძესთან `მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაჩინო მოღვაწის, წმინდა დიმიტრი როსტოველის (VII-VIII) მიერ შედგენილ თვენს, ამავე სახელწოდების კრებულიდან მასში მოხსენებული წმინდანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი თხრობა გამოარჩევს. წმინდა მამამ მთელი წლისათვის თვეების მიხედვით დალაგებული ჰაგიოგრაფიული საკითხავების შედგენას ოცი წელი მოანდომა. იქიდან გამომდინარე, რომ მაგალითს განსაკუთრებული ძალა აქვს ადამიანის ზნეობრივი აღზრდისათვის, თვენი ყოველი ქრისტიანის სამაგიდო წიგნი უნდა იყოს… …ვფიქრობთ, დეკანოზმა თეოდორემ (გოგოლაძე) ფრიად საშურსა და სასარგებლო საქმეს მოკიდა ხელი, როცა წმინდა დიმიტრი როსტოველის თვენის თარგმნა გადაწყვიტა. ღმრთის შეწევნითა და თავაუღებელი შრომით, მან საეკლესიო წელიწადის პირველი თვის – სექტემბრის _ საკითხავები დაასრულა. მკითხველი თავად დარწმუნდება, რომ ჰაგიოგრაფიული საკითხავების თარგმნა მთარგმნელისგან არა მხოლოდ რუსული ენის, არამედ სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და შესაბამისი ტერმინოლოგიის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვს. სწორედ გულმოდგინე შრომამ და საქმის საფუძვლიანმა ცოდნამ განაპირობა წარმატებული შედეგი…
~ _ აღნიშნა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გვანცა კოპლატაძემ წმინდა დიმიტრი როსტოველის `თვენის~ პირველი წიგნის (სექტემბერი) შესავალ სიტყვაში. მამა თეოდორემ ამ უაღრესად საინტერესო და შრომატევად კრებულზე მუშაობა (თარგმნა) გასულ წელს დაიწყო. 2013 წლის იანვრის თვეში გამოიცა დიმიტრი როსტოველის `თვენის~ პირველი წიგნი, რომელიც მთლიანად მოიცავს სექტემბრის თვეს. –
დეკანოზი თეოდორე
: ბასილი დიდი ბრძანებს, რომ ყველა კეთილ საქმეს წინ უძღვის ლოცვა-კურთხევის აღება. როცა წმინდა დიმიტრი როსტოველის `თვენის~ თარგმნა გადავწყვიტე, ბუნებრივია ლოცვა-კურთხევისთვის საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქს მივმართე. უწმინდესმა და უნეტარესმა სიხარულით მაკურთხა ამ ღვთისსათნო საქმეზე და მეც დიდი ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას. საგულისხმოა, რომ ამ საქმისკენ იმთავითვე მომიწოდებდა ჩემო მოძღვარი, დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე, რომელმაც თავად მისახსოვრა წმინდა დიმიტრი როსტოველის `თვენის~ თორმეტივე ტომი. საქმეს მართლაც დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე, რაც იქიდანაც ჩანს, რომ მისი რედაქტირება მივანდე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, საპატრიარქოს გამომცემლობის თავმჯდომარეს, პროფესორ გვანცა კოპლატაძეს. ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ ის მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულებდა რედაქტირებას და გამოცემის ირგვლივ ზედმეტი კითხვები აღარ გაჩნდებოდა. ქალბატონი გვანცას სასახელოდ და სამადლობელად მინდა ვთქვა, რომ უარი არ უთქვამს.. ეს, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ თავადაც დაინტერესდა ამ საქმით და დროდადრო, ჩატარებული სამუშაოს გამო, ჩემთვის წამახალისებელ სიტყვებსაც არ იშურებდა. 2012 წლის საპატრიარქოს უწყებანის 35-ე ნომერში გამოქვეყნებულ ჩემს ინტერვიუში მკითხველს ვაუწყეთ, რომ ვმუშაობდი `თვენის~ პირველ წიგნზე. ახლაც თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა შევატყობინო მორწმუნე საზოგადოებას ამ კრებულის პირველი ტომის გამოსვლის შესახებ. როდესაც უწმინდესსა და უნეტარესს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წიგნი საჩუქრად მივართვი, მან გულით გაიხარა და ბრძანა: ეს ძალიან დიდი საქმეა! სასულირო პირისთვის (და, ალბათ, ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის) არაფერია იმაზე სასიხარულო, პატრიარქს შენი ნაშრომი რომ მოეწონება და ამის გამო შეგაქებს. ბუნებრივია, ვაგრძელებ თარგმანზე მუშაობას. ამჯერად გამოსაცემად მზადდება `თვენის~ მეორე ტომი (ოქტომბერი). ამ კრებულს მაშინ ექნება ფასი, როდესაც თორმეტივე ტომი გამოიცემა, რადგან ის ერთ მთლიანობაში მოიაზრება. ამას აცნობიერებდა დიმიტრი როსტოველი და ამიტომაც შეალია ოცი წელი `თვენზე~ მუშაობას, წმინდანთა ცხოვებისა და ღვაწლის ამსახველი მასალების მოძიებასა და მის თარგმნას. - მამა თეოდორე, საინტერესოა, `თვენის~ ეს გამოცემა ზუსტად ემთხვევა წმინდა დიმიტრი როსტოველის ნაშრომის (ორიგინალის) იმ თანმიმდევრობას, რომელსაც წმინდა მამა მიჰყვებოდა? – ეს გახლავთ წმინდა დიმიტრი როსტოველის ნაშრომის ზუსტი ასლი. ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ, წმინდა ეფრემ მცირემ, რომელიც გახლდათ მწერალი, მთარგმნელი და ფილოსოფოსი, შექმნა მთარგმნელობითი მუშაობის საკუთარი თეორია, რომელიც შემდგომში ყველა ნათარგმნი ლიტერატურის საფუძველი გახდა. თავის ერთ-ერთ ნაშრომში ეფრემ მცირე ამბობს, რომ თარგმანი აუცილებლად უნდა შესრულდეს პირველწყაროდან (დედნიდან), უნდა ითარგმნოს შეუმოკლებლად და შეუმატებლად და ეთანხმებოდეს იმ ტექსტს, რომელიც დედანშია მოცემული. ამასთანავე, აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს იმ ენის თავისებურება, რომელზეც თარგმანი კეთდება. მადლობა უფალს, შევძელი, რომ აქ არც ერთი წინადადება, არც ერთი აბზაცი არ არის გამოტოვებული. ეს გახლავთ ზუსტი თარგმანი იმისა, რაც ამ დიდებულ წმინდანს აქვს მოცემული `თვენში~.. ზოგიერთ წმინდანზე აქ უფრო ვრცელი ინფორმაციაა მოცემული, ზოგზე კი შედარებით მცირე, რადგან დიმიტრი როსტოველმა თავის ნაშრომში გადმოიტანა და თარგმნა ის, რისი მოძიებაც შეძლო, რაზეც ხელი მიუწვდებოდა. მეც, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი ამ სიზუსტით ვთარგმნე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა დიმიტრი როსტოველის `თვენი~. ბუნებრივია, თარგმნის დაწყების წინ ყოველთვის ვლოცულობ და ვევედრები ამ დიდებულ წმინდანს, შემეწიოს და დამამთავრებინოს ეს საოცრად შრომატევადი საქმე… ღმერთმა ინებოს, მშვიდობით გავასრულო თორმეტივე ტომის თარგმანი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს გაზეთს მორწმუნე საზოგადოების დიდი ნაწილი კითხულობს… როდესაც `საპატრიარქოს უწყებანში~ პირველად გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ `თვენის~ თარგმანთან დაკავშირებით, არაერთმა ადამიანმა დამირეკა და დაინტერესდა ამ ნაშრომით. წიგნის პრეზენტაციასაც, ფაქტობრივად, თქვენი გაზეთის მეშვეობით ვახდენ. მკითხველს მინდა შევატყობინო, რომ გამოიცა და იყიდება წმინდა დიმიტრი როსტოველის `წმინდანთა ცხოვრება~ – `თვენის~ პირველი ტომი – სექტემბერი. წიგნი იყიდება საბურთალოს წმინდა ბარბარეს ტაძრის (ვაჟა-ფშაველას ძეგლსა და მოდულის შენობის შუაში) საეკლესიო მაღაზიაში, სამების საპატრიარქო ლავრაში, საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზიაში, მაღაზია `ჩირაღდანში~, – ანტონ კათალიკოსის 28 ნომერში (ლესელიძეზე მდებარე მაღაზიის, `ალილოს~ პირდაპირ, პროკრედიტ ბანკის ჩასახვევთან). წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობა `მერიდიანში~. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გამომცემლობის დირექტორის მოადგილეს, ბატონ კახაბერ რუსიძეს, რომელიც საქმეს დიდი გულისხმიერებით მოეკიდა და შეძლებისდაგვარად მხარში ამოგვიდგა. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ წიგნის კომპიუტერულ უზრუნველყოფაში დიდი დახმარება აღმომიჩინა ჩემმა მეუღლემ, ნინო გოგორიშვილმა. წიგნი სქელტანიანია (600 გვერდამდე) და A5 ფორმატის გახლავთ. საგულისხმოა, რომ როდესაც ჩემს მოძღვარს, მამა ზაქარიას (ძინძიბაძე) ჩემი ნამუშევარი მივუტანე, ძალიან გაიხარა და მის კითხვას შეუდგა. ერთ-ორ კვირაში შემომეხმიანა, მომიწონა ნამუშევარი, დამლოცა და მისურვა, კვლავაც ასეთი ენთუზიაზმით გამეგრძელებინა მუშაობა და წარმატებით დაწყებული საქმე ბოლომდე წარმატებით მიმეყვანა. მიხარია, რომ ყველას, ვინც წიგნი შეიძინა, მოსწონს ის და ინტერესით კითხულობს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი ნათარგმნია… წმინდა დიმიტრი როსტოველს ისე აქვს შედგენილი წმინდანების ცხოვრება, რომ ადვილად იკითხება, ახლოს მიდის ადამიანის გულთან, დაგაინტერესებს და საკითხავად განგაწყობს. მისი მეშვეობით მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს ადამიანი. ვფიქრობ, ეს წიგნი გამოადგება როგორც სასულიერო პირებს, ასევე სემინარიის სტუდენტებს, მორწმუნე მრევლს. - გარდამავალი წლების შემდეგ მრავალი ეკლესია-მონასტერი აშენდა და ამოქმედდა, გამოიცა უამრავი სასულიერო ლიტერატურა, რაც ასე აკლდა პოსტკომუნისტურ სივრცეში მცხოვრებ ადამიანებს, ქართულ ინტელიგენციას, რომელთა დიდი ნაწილი, იმ ურთულეს ჟამს მაინც ახერხებდა ეკლესია-მონასტრებზე, ქართულ საგანძურზე ზრუნვას. დღეს ეკლესია-მონასტრები სავსეა მრევლითა და მომლოცველებით, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ უმეტესობას ყოფითი პრობლემებისა და მრავალფეროვანი გასართობების გამო სულიერი განვითარებისთვის დრო აღარ რჩება. მამა თეოდორე, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანისთვის სულიერი წინსვლა, განათლება, სასულიერო ლიტერატურის კითხვა? – წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ სულიერ კიბეზე მყოფი ადამიანი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, ის ან მაღლა ადის, ან დაბლა ეშვება. წმინდა ილია მართალმა (ჭავჭავაძე) საოცარი სიტყვები წარმოთქვა წმინდა გაბრიელ ქიქოძის დასაფლავების დროს: `წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი იყო ისეთი პიროვნება, რომელიც სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა, მათ ერთმანეთთან აკავშირებდა…~ საგულისხმოა, რომ ეს დიდებული წამოწყება შემდეგ თავის ცხოვრებაში გააგრძელა და განავითარა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. როდესაც 35 წლის წინ იგი საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა, მიზნად დაისახა ინტელიგენცია ეკლესიასთან დაეახლოვებინა. საპატრიარქოში კონკრეტული დღეები იყო გამოყოფილი ინტელიგენციასთან შესახვედრად. ისინი პატრიარქს და სასულიერო პირებს ხვდებოდნენ და სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრებოდნენ. ასე ნელ-ნელა წაიშალა ის გაუცხოება, რომელიც ინტელიგენციასა და ეკლესიის შორის იდგა. უწმინდესსა და უნეტარესს არაერთხელ უთქვამს, რომ უღვთო ხელისუფლების დროს, როდესაც გარე ძალები ბატონობდნენ, ეკლესიის, სამღვდელოების გასაკეთებელ საქმეს ინტელიგენცია, ჩვენი მეცნიერები და პროფესორ-მასწავლებლები აკეთებდნენო. ეს მართლაც ასეა. ავიღოთ თუნდაც მცხეთური ხელნაწერის `მრავალთავის~ გამოცემა. მასზე რომ დაეწერათ: `წმინდა წერილი _ ბიბლია~, ცენზურა მათ არ მისცემდა ამის დაბეჭდვის უფლებას. ქართველმა მეცნიერებმა მცხეთურ ხელნაწერს დაურთეს მეცნიერული დასკვნები, შენიშვნები, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ის წარმოადგენდა ქართული კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშს, რომელსაც ჩვენი ერისთვის ისტორიული ღირებულება ჰქონდა. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი დღიდან აღსაყდრებისა იღწვის ქართული საზოგადოების სულიერ განათლებისა და წინსვლისთვის. მან სასულიერო სემინარია, რომელიც წელიწადში რამდენიმე სტუდენტს თუ იღებდა, დიდი ძალისხმევის შედეგად მცხეთიდან თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძრის წინ გადმოატანინა… და მალე სემინარიის ბაზაზე თბილისის სასულიერო აკადემია დაარსდა. უწმინდესისი დიდი სურვილი იყო, სამეცნიერო შრომას მეტი გასაქანი მისცემოდა და საქართველოს ეკლესიის წიაღში მომავალი მეცნიერები აღზრილიყვნენ. ქართველთა სულიერი წინსვლისთვის ოდითგანვე ზრუნავდნენ საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეები. ჩვენი დიდი წინაპრები _ გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელები (თუნდაც ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი და მრავალი სხვა) _ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ მთარგმნელობით საქმიანობას. რომ არა მათი ღვაწლი, რამდენი რამ დააკლდებოდა ჩვენს სულიერებას, რამდენი რამ იქნებოდა ჩვენთვის უცნობი. ექვთიმე მთაწმინდელი თავად დედაღვთისმშობლის მიერ იქნა გამოჩეული… სიკვდილის პირას მყოფ წმინდა მამას დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა და ჰკითხა: რა გჭირს ექვთიმე? – ვკვდები დედოფალო, – მიუგო მან. წმინდა მამას ლაპარაკიც კი უჭირდა. ამის შემდეგ იგი სრულიად გამოჯანმრთელდა და `უბნობდა~ ქართულადაც და ბერძნულადაც. ექვთიმე მთაწმინდელმა გაამდიდრა ქართული მწერლობა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, სადაც ექვთიმე მთაწმინდელს განსაკუთრებული ღვაწლი არ მიუძღოდეს. აქ ერთ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მისი გამოჯანმრთელება არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ექვთიმე მთაწმინდელს ხანგრძლივად ეცოცხლა. თავისი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარი, რომელიც უფალმა მიმადლა მას, წმინდა მამამ მოყვასის სამსახურს შეალია, დღე და ღამე იღწვოდა და შრომობდა. ეფრემ მცირის თქმით, ექვთიმე მთაწმინდელმა საგრძნობლად გააღრმავა ქართველი ადამიანის ცოდნის სფერო. საინტერესოა, რით განსხვავდება ქრისტიანობა სხვა რელიგიებისგან, დასავლური მსოფლმხედველობისგან… ქრისტიანობა ქრისტიანისგან სხვისთვის თავის ზვარაკად შეწირვას მოითხოვს. შენ გაქვს სიყვარული ღვთისა და მოყვასისა და ამისთვის წირავ თავს. სწორედ ღვთისადმი სასოებითა და მოყვასისთვის ზრუნვით მოიპოვებ ცათა სასუფეველს. აღმოსავლური რელიგიები და დასავლური მსოფლმხედველობის მიმდევრები კი ცხადად თუ ფარულად გასწავლიან, რომ შენ კი არ უნდა იფიქრო სხვისთვის, არამედ სხვამ და მთელმა ქვეყანამ შენზე უნდა იზრუნოს. შენ ხარ სამყაროს ცენტრში და შენ გარშემო ტრიალებს ყველაფერი. შეიძლება ამას ბევრი ვერ აცნობიერებს, მაგრამ ეს ამპარტავნებაა და ბოროტისგან მოდის. სწორედ ამას მოსდევს შემდეგ შუღლი, ინტრესთა შეუთავსებლობა, სხისი საკუთრების მიტაცება, თაობებს შორის დაპირისპირება. შექსპირი თავის უკვდავ პოემაში წერს: დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მისი აღდგენა მე რად მარგუნა?… საინტერესოა, რას ნიშნავს _ დროთა კავშირის დარღვევა? ეს არ ნიშნავს საუკუნეთა შორის კავშირის დარღვევას, აქ თაობებს შორის კავშირის დარღვევაზეა საუბარი. უფროს და უმცროს თაობათა შორის ყოველთვის იყო ჭიდილი, მაგრამ დღევანდელ საუკუნეში ამ მოძრაობამ თუ ვაიმოძრაობამ არნახული გაქანება მიიღო. თაობებს შორის დღეს საოცარი გაუცხოება შეიმჩნევა… რატომ? იმიტომ, რომ ირგვლივ უმეცრებამ დაისადგურა! ჩვენ არ გვაინტერესებს სულიერი ცხოვრება, არ ვუსმენთ ღვთის სიტყვას, წმინდანთა რჩევა-დარიგებებს. უფალი სახარებაში ბრძანებს: გამრავლებითა უსჯულოებისათა განხმეს სიყვარული კაცთა შორის. ე. ი. თუ უსჯულოება გამრავლდება, ადამიანს არ ექნება მოყვასის სიყვარული და მარტო თავის თავზე იზრუნებს, მაშინ სიყვარულიც `განხმება~. სიყვრული კი თავად ღმერთია და თუ ღმერთის ხსოვნა გაქრება ადამიანის გულიდან და ადამიანი თავის თავში ღმერთს მოკლავს, მაშინ ვიღას აცოცხლებს და ვისთვის იცოცხლებს? სწორედ სიყვარულის ნაკლებობის გამო, სამყაროს ცენტრში საკუთარი მეს დაყენების გამო ინგრევა ოჯახები, დაბები, სოფლები და ქალაქები. თუ ადამიანი დათრგუნავს თავის ეგოიზმს, ამპარტავნებას, ყურს მიუგდებს სახარებას, წმინდა მამათა რჩევა-დარიგებებს, – ისწავლის სიყვარულს, თავმდაბლობას და მიტევებას, ამ რეჟიმში იმოძრავებს და ეკლესიის სულიერ მაჯისცემას მიუგდებს ყურს, ყველაფერი ჰარმონიული და თანხმიერი ექნება. – მამა თეოდორე, რას შეძენს ქართველ მკითხველს წმინდა დიმიტრი როსტოველის ნაღვაწი? – ამ წიგნში თავმოყრილია საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოში მოღვაწე მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრება და მოღვაწეობა. წმინდანები ცოცხალი სახარებები არიან, რადგან მათ სახარების მცნებების თანახმად განვლეს ამქვეყნიური ცხოვრება. ამის გამო გახდნენ ღირსნი, უფალთან ერთად ემეფათ უკუნისამდე, დაუსრულებლად წარმდგარიყვნენ ყოვლადწმინდა სამების ტახტის წინაშე და ელოცათ ქვეყნიერების გადარჩენისთვის. თუ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში რაიმე დაცემა ან დაბრკოლება ჰქონდათ, თავს იმდაბლებდნენ, მოუკლებლად ლოცულობდნენ და უფლის წყალობით ისევ ფეხზე წამოდგებოდნენ ხოლმე. წმინდანები თავიანთი ცხოვრებით გვასწავლიან, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტზე, საკუთარ ვნებებზე და ვძლიოთ ამქვეყნიურ ცდუნებებს. მაგალითს მართლაც განსაკუთრებული ძალა აქვს ადამინის ზნეობრივი აღზრისათვის, ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი წმინდა წერილის, სახარების, ასევე სასულიერო ლიტერატურის კითხვა. ამაში დაგვეხმარება წმინდა დიმიტრი როსტოველის ნაშრომიც. `თვენის~ პირველივე წიგნში (სექტემბერი) მოხსენიებულია სიმონ მესვეტე, რომელიც განსაკუთრებული მოღვაწე, წმინდანი გახლავთ. სვეტზე მყოფ ნეტარ სვიმონს ეშმაკი ანგელოზის სახით გამოეცხადა და უთხრა: `ცისა და მიწის შემოქმედმა ღმერთმა წარმომგზავნა შენთან, რათა ვითარცა ელია, ზეცად აგიტაცო~ წმინდანი ვერ მიხვდა მტრის საცდურს და აღმოხდა: `უფალო, ნუთუ მე ცოდვილი გინდა ამიყვანო ზეცად?~ – ასწია სვიმონმა მარჯვენა ფეხი, რათა გადასულიყო ცეცხლოვან ეტლზე და ამავე დროს ცხოველსმყოფელი ჯვარის ნიშანიც გამოისახა… ჯვრის მადლსა და ძალას ვერ გაუძლო ეშმაკმა და როგორც კვამლი, ისე გაქრა. მიხვდა სვიმონ მესვეტე, რა განსაცდელში აგდებდა ბოროტი დაუფიქრებლად, გაუაზრებლად რომ მიენდო მის მანქანებას, შეინანა, დასაჯა ის ფეხი, რომლითაც ეტლში უნდა გადასულიყო და ერთი წელი მხოლოდ მარჯვენა ფეხზე იდგა. სიმონ მესვეტე შეაგონებდა და განსწავლიდა ადამიანებს, როგორ უნდა განშორებოდნენ კერპების სიბნელეს და შედგომოდნენ ქრისტეს ნათელს. წმინდა მამა ურჩ მეფეებსა და მთავრებს ღვთის მოშიშებად მოაქცევდა, მათ გულში მოწყალებისა და სიყვარულისკენ სწრაფვას აღძრავდა. სვიმონ მესვეტემ უამრავი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. დღევანდელი ადამიანისთვის წარმოუდგენელია ასეთი ღვაწლი და ეს არც მოეთხოვება მას, მაგრამ მოეთხოვება იცოდეს, რა გააკეთეს ამ დიდებულმა წმინდანებმა უფლისა და მოყვასისთვის, მოეთხოვება, რომ ღვთისსათნოდ იცხოვროს, ილოცოს, მისდიოს უფლის მცნებებს, წმინდანთა რჩევა-დარიგებებს. თუ ჩვენ არც სულიერი ცხოვრება გვინდა, არც ლოცვა და ვფიქრობთ, რომ სულიწმინდის მადლით ვართ განათლებულები და მხოლოდ იმიტომ ვცხონდებით, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის შვილები ვართ, ძალიან ვცდებით. ისრაელი უფლის რჩეული ქვეყანაა. მაგრამ ებრაელებმა ეს ამპარტავნებით მიიღეს და მესია ჯვარს აცვეს. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ამპარტავნებამ?! არანაირი ბრალდება ქრისტეს, გარდა იმისა, რომ ქრისტე იყო და ადამიანთა მოდგმის ხსნისათვის მოვიდა, – არ ჰქონია. სხვა ბრალდება მას ვერ წაუყენეს. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ბრძანებს: თუ ვინმეს გევნებათ, გევნოთ ვითარცა ქრისტიანს, მაგრამ თუ შენ რაღაც მოიპარე, სხვა შეავიწროვე, დაჩაგრე და ამის გამო დაგაპატიმრეს და განსაცდელში ხარ, ეს არ არის შენთვის გამართლება. გაგამართლებს მხოლოდ ის, რომ შენ ქრისტეს გულისთვის (მისი სჯულის აღიარების გამო) იდევნები. თანამედროვე ეპოქაში ბრძოლა სხვაგვარად გამოვლინდება. დღეს აღარავის აინტერესებს, რა რჯულის ხარ, ქრისტიანი ხარ თუ წარმართი. ამით ნელ-ნელა ხდება მოდუნება იმ რეფლექსისა, რომელიც ყოველთვის ჰქონდათ ქრისტიანებს და ფხიზლად იყვნენ. დღევანდელ ეპოქაში შეიმჩნევა საოცარი ინდიფერენტულობა სულიერებისადმი. დღეს, როდესაც არავინ უშლის ადამიანს ტაძარში მისვლას, წირვა-ლოცვაზე დასწრებას, აღსარების თქმას და ზიარებას, – ადამიანი ან არ მოდის ტაძარში, ან მოდის რაღაც განყენებული განწყობით. დღეს ქრისტიანული ფასეულობები სხვა ფასეულობებმა ჩაანაცვლეს… ხდება დაუჯერებელი რამ, ადამიანი ცდილობს სამოთხე დედამიწაზე შექმნას. ის არ ლოცულობს, ეკლესიურად არ ცხოვრობს, სულიერი თვალი დაბრმავებული აქვს და ხორციელი თვალით კი რასაც ხედავს, ყველაფერი ამქვეყნიურია. ხედავს, რომ ვიღაც ცუდ საქმესა აკეთებს, მაგრამ პატივშია, ფუფუნებაში ცხოვრობს. ჩვენ გვავიწყდება დავით მეფსალმუნის სიტყვები: `ნუ გეშინით უკეთურთა, ნუცა გშურით მათი~. ადამიანებს კი სწორედ უკეთურების შურთ და ცდილობენ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ კეთილდღობაში იცხოვრონ და რაც შიძლება მეტი ქონება დააგროვონ. ის ანტიქრისტეს ბეჭედი, რომელზეც ამდენს საუბრობენ და რომელიც შუბლზე და მარჯვენა ხელზე დაესმევა ადამიანს, სხვა არაფერია თუ არა ამქვეყნიურ სიამეებზე მიჯაჭვულობა და ამით შეგნებული, გააზრებული თაყვანისცემა ბოროტისა. პავლე მოციქული ბრძანებს, – თუ გაქვთ ჭერი და ლუკმაპური, საკმარისია თქვენთვისო. ჩვენ კი წარმართებზე უარეს, საცოდავ დღეში ვართ. ერთი ხელით პირჯვარს ვიწერთ, მეორეთი კი აშენებულს ვანგრევთ… ვამბობთ, რომ გვწამს ღმერთი, მაგრამ საქმით სხვას ვამტკიცებთ. ადამიანს არ ჯერა მარადიული ცხოვრების, ის ამქვეყნიური ფასეულობებით ცხოვრობს და ვერ აცნობიერებს, რომ სწორედ ყოველივე ამქვეყნიური წარმავალია. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს: ხომ მაინც კვდები და მაშინ შენი უფლისთვის მოკვდიო. ესაია წინასწარმეტყველი საოცარ სიტყვებს გვეუბნება, რომელიც ყურადსაღებია თითოეული ქრისტიანისთვის: უკეთუ მოიქცეთ და ისმინოთ ჩემი, კეთილსა ქვეყანისასა სჭამდეთ და უკეთუ არა გინდეთ, არ მოიქცეთ და არ ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამოს თქვენ! ~ დავფიქრდეთ, ჩვენი ქვეყნის რამხელა ტერიტორია, მიწაა დღეს მიტაცებული და წართმეული. სწორედ ეს არის მახვილი მესიისა, რომელიც სასჯელად მოგვევლინა და გვსჯის ჩვენი უკეთურობის გამო. ქართველთა მთავარი, დიდმოწამე კონსტანტი კახი, უშიშარი მებრძოლი გახლდათ, მაგრამ როდესაც ის წარდგა დამპყრობლის წინაშე და მან ჰკითხა: თუ თქვენ ქრისტიანები ხართ და ქრისტე ყველას ღმერთია, მაშინ რატომ ჩაგაგდოთ ამ დღეშიო, კონსტანტი კახმა უპასუხა: იმიტომ კი არა, რომ თქვენ ხართ მართლები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვუსჯულოებთ, თქვენ კი ამ შემთხვევაში ხართ წკეპლა, მახვილი და სასჯელი უფლისაგან ჩვენთვის მოვლენილიო. მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. უფალმა თავად გვიჩვენა გადარჩენის გზა, რომელიც სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, სიმდაბლესა და სიყვარულშია. წარმოიდგინეთ, მაცხოვარს ჯვარცმის დროს თავისი ძალა რომ ეჩვენებინა და ჯვრიდან გარდამოსულიყო, მაშინ ხომ არ მოხდებოდა ადამიანის გამოსყიდვა. ჩვენი გამოსყიდვა სწორედ სიმდაბლის გზით მოხდა. მე ხშირად მითქვამს ქადაგებაში, რომ ყველაზე დიდი უფლება ამპარტავნების აქვს უფალს, რადგან `უფლისა არს ყოველი ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა~, მაგრამ ის, ვინც ყოველივე შექმნა, არ ამპატავნობს, არამედ თავად არის სიყვარულისა და სიმდაბლის წყარო. ბოროტი კი, რომელსაც არაფერი გააჩნია, ამპარტავნებს, ყველაფერს გვპირდება, ხიბლში გვამყოფებს, და როცა გვგონია, რომ ყველაფერს მივაღწიეთ, სწორედ მაშინ აღმოვჩნდებით ხოლმე უფსკრულის პირას. ამიტომ გულისხმა ვყოთ, მივუგდოთ ყური წმინდა წერილს, სახარებას, წმინდა მოღვაწეთა რჩევა-დარიგებებს, დავიმდაბლოთ თავი და დღითი-დღე სრულვყოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება, რათა ქრისტიანული თავმდაბლობითა და სიყვარულით მოვიპოვოთ უფლის მადლი, ცათა სასუფეველი. - მამა თეოდორე, ვინაიდან 2013 წელი საიუბილეოა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის, `საპატრიარქოს უწყებანი~ ჩვენი გაზეთის ყველა სტუმარს აძლევს საშუალებას, მიულოცოს მას ეს მნიშვნელოვანი თარიღი… – ყველამ ვნახეთ, რა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მთელ მსოფლიოში. არ დარჩენილა მსოფლიოს არც ერთი კუთხე, სადაც საუფლო ხმა წვდება, რომ ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით პატრიარქი, საპატრიარქოს ან მთავრობის წარმომადგენელი არ ჩამობრძანებულიყო, ან მოსალოცი ბარათი მაინც არ გამოეგზავნათ. თქვენ იცით, რომ მას სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც ულოცავდნენ იუბილეს. აზერბაიჯანიდან ჩამობრძანებუულმა მუსლიმთა მეთაურმა, ალაჰ შუქურ ფაშა ზადემ ბრძანა: არ შემეძლო არ ჩამოვსულიყავი თქვენთან და თქვენს წმინდა მარჯვენას არ ვმთხვეოდიო; მან თხოვა უწმინდესსა და უნეტარესს, რომ მათთვისაც ილოცოს.. როდესაც სხვა რელიგიის წარმომადგენელი ჩვენს პატრიარქს მთელი კავკასიელი ხალხის უხუცესსა და წინამძღოლს უწოდებს, ამაზე მეტი დაფასება და ჯილდო რაღა უნდა იყოს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის დროს მომიწია მღვდლობამ, მსახურებამ. მადლობელი ვარ კიდევ და კიდევ იმისთვის, რომ რვა წელი სამების საპატრიარქო ლავრაში უწმინდესისა და უნეტარესის გვერდით ვიმსახურე. პატრიარქმა დამაჯილდოვა გამშვენებული ჯვრით, მიტრით… წმინდა ბარაბარეს სახელობის ეკლესიაშიც მისი ბრძანებითა და ლოცვა-კურთხევით ვარ წინამძღვრად დადგინებული. ამაზე მეტი სიყვარულის გამოვლენა რა უნდა იყოს, როდესაც პატრიარქი რვა წელი თავის გვერდით გამყოფებს. მეც ვცდლობდი და ვცდილობ, მისგან ვისწავლო სიყვარული, თავმდაბლობა, მიმტევებლობა… ერთხელ, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ამ დიდებულმა და საოცრად მოსიყვარულე ადამიანმა, პირად საუბარში მითხრა: `მე ყველას ვეუბნები, რომ ჩამოვიდნენ და პატრიარქის წირვა-ლოცვას ერთხელ მაინც დაესწრონ, რომ ეს მადლი და სითბო წაიღონ და მთელი ცხოვრება თან ატარონ~. მთელი სინოდი და სამღვდელოება მისი შვილები ვართ, მისი პატრიარქობის დროს ხელდასხმულები. იგია ჩვენი მამა, ჩვენთვის მლოცველი და ჩვენი მაკურთხეველი. მისგან უდიდეს სითბოს, ნუგეშს და მადლს იღებს ყველა, ვისაც მასთან შეხება აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც რაღაცას აკეთებ ადამიანი და ასეთ დიდებულ პატრიარქს მოსწონს ეს და საქებარ სიტყვას არ იშურებს შენთვის. ეს უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია ჩემთვის და, რა თქმა უნდა, მეტი პასუხისმგებლობაც არის. ვისურვებდი, რომ მისი ლოცვა-კურთხევით გამთლიანებულიყოს საქართველო. მის გულს ძალიან დიდ ჭრილობად და დაღად ამჩნევია ის, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი მოწყვეტილია საქართველოს. მე ვხედავ ამას და ვგრძნობ მასთან ყოველი შეხვედრის დროს. ამას გრძნობს და ხედავს მთელი საქართველო. ღმერთმა ყველა სათხოვარი აუსრულოს ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს. მე ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, უსასრულო სიხარულს… სულიწმიდის მადლი და სიბრძნე მას უფალმა უბოძა და ასეთივე მადლითა და სიბრძნით აღვსილმა დიდხანს მწყემსოს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია. ამინ! ესაუბრა ია ხაზარაძე გამოიცა ქართულად ნათარგმნი წმინდა დიმიტრი როსტოველის `წმინდანთა ცხოვრება~ – სექტემბერი, ტომი I. წიგნი იყიდება სამების საპატრიარქო ლავრაში; საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზიაში და მაღაზია `ჩირაღდანში~, – ანტონ კათალიკოსის #28 (ლესელიძეზე მდებარე მაღაზია `ალილოს~ პირდაპირ, პროკრედიტ ბანკის ჩასახვევთან).